დაბა გუდაურში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
გუდაურის ბაღის მშენებლობასთან ერთად კეთილმოეწყო ეზო და რეაბილიტირდა ბაღამდე მისასვლელი საავტომობილო გზა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
ბაღი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. მოეწყო პანდუსი და ადაპტირებულია სველი წერტილები.
საბავშვო ბაღი ერთ ჯგუფიანი იქნება და გათვლილია 35 აღსაზრდელზე.
პროექტით გათვალისწინებულია რეგიონის კლიმატური პირობები და ინერგება ენერგოეფექტური პრაქტიკა.
აღსანიშნავია, რომ გუდაურს, რომელიც მაღალმთიანი ზონის სტატუსით სარგებლობს არასდროს ჰქონია საბავშვო ბაღი.
გუდაურში მცხოვრებ პატარებს, დღემდე, სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.
ახალი დაწესებულების აშენებამ გუდაურში დამატებითი სამუშაო ადგილებიც შექმნა.
საბავშო ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 837 ათასი ლარით დაფინანსდა, თუმცა მოგვიანებით დამატებით რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან 223 ათასი ლარი გამოიყო,რაც დაწესებულებამდე მისასვლელი გზის მოასფალტებას და ეზოს მოწყობას მოხმარდა.
საბავშვო ბაღი ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან- შალვა კერესელიძესთან, რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან, მოადგილეებთან, ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის დირექტორთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები შ.პ.ს " სამება"-მ, ხოლო ბაღის ეზოს კეთილმოწყობისა და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ერ ტე დე“ - მ განახორციელა.