ყაზბეგის ისტორია
კავკასიონის ცენტრალური ქედის ჩრდილოეთი კალთა, მდინარეები თერგი და სნოს წყალი, თრუსოსა და დარიალის ხეობები, ეს ყაზბეგია - საქართველოსა და ამიერკავკასიის დიდი ჭიშკრის მცველების, მოხევეების საბინადრო.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ისტორიულ ხევს მოიცავს, ჯვრის უღელტეხილიდან ზემო ლარსამდე. 45 სოფელი, ერთი დაბა და 5 თემი. ხევის ცენტრია სტეფანწმინდა.
მთის კალთებზე მიმოფანტულ პატარა სოფლებს, მყინვარწვერი გადმოჰყურებს, ყინულებში შეყუჟული ბეთლემი და გერგეტის სამება.
ოვსების დამარცხების შემდეგ, ვახტანგ გორგასალს, აქ, რკინით მოჭედილი ხის ალანთ კარი - დარიალანი ჩაუდგამს. დარიალის ხეობის სტრატეგიული მნიშვნელობა, ისტორიულ წყაროებში, ჯერ კიდევ ქრისტეს წინარე პერიოდიდან ჩანს. აქ არის თამარის ციხე, რომელიც ვიწრო ხეობას აკონტროლებდა. დარიალის ხეობაში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, დღეს, მთავარანგელოზთა სახელობის სამონასტრო კომპლექსია, რომელსაც სულიერებასთან ერთად, დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს სამხედრო გზა, საშიშ და ზვიად ხეობებს შორის გადის. აქაურობის მკაცრ დიდებულებას ბევრი მოუხიბლავს. „ამ მთების შემხედვარე ენა ჩემი ვერა წარმოსთქვამდა ვერცა სიტყვასაო“, წერდა გრიგოლ ორბელიანი. არაერთი უცხოელი პოეტი, მწერალი თუ მოგზაური იხიბლებოდა ყაზბეგითა და მოხევეებით. ლერმონტოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემა „დემონის სიუჟეტი“ დარიალის ხეობაში ვითარდება.
დარიალის ხეობის თვალწარმტაცი ბუნება, არაერთი ცნობილი მხატვრის შემოქმედებაში აისახა.
მოხევეებს ჩრდილოეთიდან საქართველოსკენ მომავალი მტრის შეჩერება და ხეობის დაცვა ევალებოდათ, ამიტომაც, სამეფო კარის განგებულებით, შეღავათებით სარგებლობდნენ და არასოდეს ჰყოლიათ ბატონი. რუსეთის იმპერიის გარდა, ვერცერთმა მოძალადემ ვერ შეძლო ხევის დაპყრობა. ალბათ, ამიტომ ათქმევინა ილია ჭავჭავაძემ ლელთ ღუნიას სიტყვები - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო“. შემთხვევითი არ არის, რომ მგზავრის წერილების მთავარი პერსონაჟი მოხევეა. ლელთ ღუნია გახდა სიმბოლო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ თერგდალეულებთან ერთად დაიწყო. გაძნელდა ძველი ადათ-წესების დაცვა. სხვისი წეს-კანონით უნდა ეცხოვრა მოხევეს. გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წელი) დადების შემდეგ, რუსეთმა სამხედრო გზის მშენბლობა დაიწყო.
თანხა რომელიც ამ გზის მშენებლობას მოხმარდა, ვერცხლის მონეტებით მთელ მაგისტრალს დაფარავდაო, იუწყებოდა XIX საუკუნის პრესა.
მაგისტრალის ზვავიან ადგილებში გვირაბებიც გაიყვანეს. ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მონაკვეთად, დევდორაკის ხეობა ითვლება, სადაც მდინარე ყაბახი თერგს ერთვის.
ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს მოხევეებს - „კაცნი მებრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი ვითარცა მთიულნი“.
მკვლევარების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ „თამარიანის“ ავტორი, XII – XIII საუკუნეების ქართველი პოეტი და მოგზაური, ჩახრუხაძე, მოხევეა. "მოხევის ძეთა ჩახრუხაძეთა ექო თამარი, მეფე წყლიანი" („თამარიანი“ - ბოლო ჩანართი სტროფი თხზულებიდან).
ჩახრუხაძემ ჩრდილოეთ აფრიკაში, სპარსეთში, ინდოეთში, ხვარაზმში, ჩინეთში, მონღოლეთში, ხაზარეთში, ბიზანტიაში, რუსეთში, საბერძნეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ახლო აღმოსავლეთის არაერთ ქვეყანაში იმოგზაურა. მსგავსი მარშუტი, ერთხელ და ერთი საუკუნის შემდეგ, მხოლო მარკო პოლომ გაიარა.
ალექსანდრე ყაზბეგის ნამდვილი გვარი ჩოფიკაშვილია. გადმოცემის თანახმად, ჩოფიკას ვაჟი, ყაზი, მეფე ერეკლე მეორეს, სტეფანწმინდის მოურავად დაუნიშნავს. ბეგი, იგივე ბატონი უწოდებია და ასე გახდნენ ჩოფიკაშვილები ყაზბეგები. ქართული სამეფოს გაუქმების შემდეგ, მწერლის წინაპრები, მრავალთა მსგავსად, რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩადგნენ. ალექსანდრე ყაზბეგის მამამ გენერლის წოდება მიიღო. თითქოს, მწერალმა წინაპრების ვალი მოიხადა. ხევის მთლიანობის, თავისუფლებისა და დიდი ტრადიციების დამცველები იყვნენ მისი ლიტერატურული გმირები და ებრძოდნენ მოყვრად მოსულ მტერს. დღეს, ალექსანდრე ყაზბეგის სახლში, ეთნოგრაფიული მუზეუმია. მწერალი, საკუთარ ეზოშია დაკრძალული და ყველა მოხევე მას განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობა. ალექსანდრე ყაზბეგმა ქართული ლიტერატურაში, კინოსა და თეატრში შესანიშნავი ჰეროიკული სახეები შექმნა.
გერგეტის სამება ერთ დროს, მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ქრისტიანების მთავარი სალოცავი იყო. XIV საუკუნის ტაძარი, 2170 მეტრი სიმაღლიდან დაჰყურებს ბობოქარ თერგსა და მთელ ხეობას. „მშვენიერის მხატვრობით შემკობილი ტაძარი“, ადგილობრივი ანდეზიტითაა ნაშენი. ხევის ბლაღოჩინის ბრძანებით გადათეთრებულ უნიკალურ ფრესკებს, რესტავრატორებმა, მხოლოდ 2004 წელს მიაკვლიეს. „სვეტიცხოვლის სახიზარში“ - 2006 წელს აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ისევ დიდებულად იმართება მარიმობისა (28 აგვისტო) და სიყვარულის (16 ივლისი) დღესასწაულები.