სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

ღონისძიებას ტრადიციულად ყაზბეგის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა, სახელმწიფო დროშები გამოიფინა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლის შენობებზე.

სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლის 14 იანვრიდან აღინიშნება.

„სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად, საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო.

დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა მოსჩანდა ეროვნული მოძრაობის, ხალხმრავალი გამოსვლების დროს. სახელმწიფოებრიობის აღდგენასთან ერთად, დროშამ ადგილი დაიმკვიდრა სახელმწიფო დაწესებულებების, საქართველოს წარმომადგენლობების შენობებზე, სახელმწიფო მოღვაწეების სამუშაო ოთახებში.

თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, როდესაც პოლიტიკურმა განვითარებამ შეიძინა მშვიდი მდგრადი ხასიათი, დგება დრო, რომ სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში.

მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა“, – ნათქვამია საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.

#გამოფინესახელმწიფოდროშა 

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2021