ყაზბეგის მერიის სოციალური პროგრამის 2020 წლის ანგარიში
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით 2020 წელს 775-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რომელთა დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 455 600 ლარი გაიცა.
2020 წელს, როგორც ბენეფიციართა, ასევე დაფინანსების გაცემის რაოდენობა საგრძნობლად აჭარბებს წინა წლის მონაცემებს: 2019 წელთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 175-ით, ხოლო გახარჯული თანხის ოდენობა 155 600 ლარით გაიზარდა.
ყაზბეგის მერიის სოციალური პროგრამა თხუთმეტამდე ქვეპროგრამისგან შედგება, რომლის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
ქვეპროგრამების 2020 წლის ანგარიში:
- სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებით ისარგებლა ეკონომიკურად შეჭირვებულმა 148 ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 210 935 ლარი.
- სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პენსიონერებისა და ქრონიკულად დაავადებულების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლა 438-მა ბენეფიციარმა, გაიხარჯა 90 180 ლარი.
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დაფინანსების პროგრამით ისარგებლა 48 ბენეფიციარმა, გაწეული ხარჯი შეადგენს 76 000 ლარს.
- ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით ისარგებლა 51-მა ბენეფიციარმა, გაწეული ხარჯი შეადგენს 19 300 ლარს.
- მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით ისარგებლა 32-მა ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 21 400 ლარი.
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დახმარების პროგრამით ისარგებლა 18 ბენეფიციარმა, გაწეული ხარჯი შეადგენს 14 028 ლარს.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უხუცესების (რომლებსაც შეუსრულდათ 85 წელი და მეტი) დახმარების პროგრამით ისარგებლა 27-მა ბენეფიციარმა, გაწეული ხარჯი შეადგენს 6 750 ლარს.
- ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარების პროგრამით ისარგებლა 6-მა ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 4 080 ლარი.
- ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარების პროგრამით ისარგებლა 5-მა ბენეფიციარმა, რომელთა დასახმარებლად გაიცა 11 200 ლარი.