სურსათი სოფელ ჯუთის მოსახლეობას
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ - დავით ნოზაძესთან და მერის მოადგილე - დავით ქირიკაშვილთან ერთად სოფელ ჯუთის მოსახლეობას სურსათი გადასცა.
ჯუთამდე მისასვლელი საავტომობილო გზა კლიმატური პირობების გამო ზამთრის პერიოდში იკეტება, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ჯერჯერობით ადგილზე მუშაობას ვერ ახერხებს მძიმე ტექნიკა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სურსათი ჯუთაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გადაიტანეს.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები, რომლებმაც დაზიანებული გადამცემი ხაზები დაათვალიერეს.
სოფელს უამინდობის გამო რამდენიმე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ჯუთაში მცხოვრებ ათივე ოჯახს აქვს გენერატორი და ელექტროენერგიის აღდგენამდე, მოსახლეობას საწვავით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.