გუდაურის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო

 დაბა გუდაურის ახალაშენებულ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო.

 საბავშვო ბაღის გახსნა აღსაზრდელებს ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა ქეთევან გელაშვილმა, ყაზბეგის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა გიორგი ავსაჯანიშვილმა, მერიისა და ცენტრის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

 ამჟამად ბაღმა ფუნქციონირება 12 აღსაზრდელთან ერთად დაიწყო. გუდაურში მცხოვრებ პატარებს, დღემდე, სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

 ახალი დაწესებულების აშენებამ გუდაურში დამატებითი სამუშაო ადგილებიც შექმნა, საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე დასაქმებულია 9 ადამიანი.

საბავშვო დაწესებულებას ქალბატონი თამუნა ვეფხვაძე უხელმძღვანელებს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მოეწყო პანდუსი და ადაპტირებულია სველი წერტილები. ბაღი გათვლილია 35 აღსაზრდელზე.

 პროექტით გათვალისწინებულია რეგიონის კლიმატური პირობები და ინერგება ენერგოეფექტური პრაქტიკა.

 ბაღის მშენებლობასთან ერთად კეთილმოეწყო ეზო და რეაბილიტირდა ბაღამდე მისასვლელი საავტომობილო გზა.

 საბავშო ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 837 ათასი ლარით დაფინანსდა, თუმცა მოგვიანებით დამატებით რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან 223 ათასი ლარი გამოიყო, რაც დაწესებულებამდე მისასვლელი გზის მოასფალტებას და ეზოს მოწყობას მოხმარდა.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2021