დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა ყაზბეგში
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ყაზბეგში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ბიზნესის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობას რეგიონულ დონეზე და საინფორმაციო შეხვედრების აუცილებლობას.
შეხვედრის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა სტუმრებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების შესახებ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ. მან ყურადღება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სამხარეო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არსებულ კოორდინირებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა, ასევე ისაუბრა უწყებების მიერ ერთობლივად უკვე განხორციელებული პროექტების თაობაზეც.
თავის მხრივ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა სტუმრებს შეხვედრის მოწყობისა და მასში მონაწილეობის მიღებისათვის მადლობა გადაუხადა, საკითხით დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური მუშაობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გამოიკვეთა საკითხები, რა მიმართულებითაც სააგენტო მყისიერად ჩაერთვება, მათ შორისაა - ადგილობრივი ბიზნესისთვის კადრების მოძიება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და არსებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება სტუმარ-მასპინძლობის კუთხით.