სპორტის განვითარების ცენტრის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში
ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს წლიური, შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინეს.
ეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო მთელი წლის განმავლობაში ჩატარებულ მატჩებს, ჩემპიონატებსა და ტურნირებს, სპორტული პროგრამების მრავალფეროვნებას, mოხევე სპორტსმენების მიღწევებსა და მონაწილეობის დონეს თითოეულ დისციპლინაში.
აღინიშნა, რომ 2023 წელს რეგიონში პირველად, საქართველოს ჩემპიონატს, ჭაბუკთა შორის თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა;
ტრადიციულად, გაიმართა ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, რომელშიც 200-ზე მეტი სპორტსმენი მთელი საქართველოდან მონაწილეობდა;
მთელი წლის განმავლობაში წარმატებით ასპარეზობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის საფეხბურთო გუნდები და რაგბის კლუბი „ყაზბეგი“, რომელმაც ისტორიული შედეგები დააფქსირა.
სპორტის განვითარების ცენტრმა 2023 წელს მეორედ უმასპინძლა საქართველოს ჩემპიონატს მეკლდეურობაში, რაც განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა მოხევე მეკლდეურებისათვის, რომლებმაც გუნდურ შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავეს.
მოხევე სპორტსმენებმა გაიმარჯვეს რეგიონულ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზეც - გეზრბენში (კროსი).
სპორტულ წრეებს, მშობელთა თხოვნით, მხატვრული ტანვარჯიში დაემატა;
სპორტ-კომპლექსს 50 000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი - ოლიმპიური სტანდარტის შესაბამისი საჭიდაო ხალიჩები გადაეცა;
სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 2024 წელს კვლავ გაგრძელდება სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოსახლეობაში. იგეგმება სპორტული პროგრამების გაფართოება და მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრში ხუთზე მეტი სპორტული წრე ფუნქციონირებს, სადაც 300-მდე მოზარდი გადასახადების გარეშე ვარჯიშობს.