ბაკურ ავსაჯანიშვილი - გვექნება კამპანიები, რომლებიც საკვების ნარჩენების სეპარაციასა და გადამუშავების საკითხებზე ცნობიერებას აამაღლებს მოსახლეობაში
გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებსა და მერს შორის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, შეხვედრა გაიმართა.
მონიტორინგის მისიის ფარგლებში, საუბრის მთავარი თემა 𝐔𝐍𝐃𝐏-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს შეეხო, რომლის მიხედვითაც, ჩეხურმა კომპანია 𝐄𝐍𝐕𝐈𝐑𝐎𝐒-მა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თემებისათვის ნარჩენების პრევენციის, მათი ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის საკითხებზე რეკომენდაციები მოამზადა.
მხარეებმა განიხილეს სამომავლო პროექტები, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ახალი, თანამედროვე, რეგიონული ნაგავსაყრელებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობას გულისხმობს.
„ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას ძალიან მნიშვნელოვანი საერთო პასუხისმგებლობა გვაქვს, რაც სუფთა, ჯანსაღი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას გულისხმობს. ვეცდებით, უახლოეს მომავალში დაინერგოს ნარჩენების სეპარაციის სისტემა და სხვადასხვა ურნის გამოყენების პრაქტიკა. გვექნება კამპანიები, რომლებიც საკვების ნარჩენების სეპარაციასა და გადამუშავების საკითხებზე ცნობიერებას აამაღლებს მოსახლეობაში, მაგალითისთვის: როგორ მოხდეს ეზოს ნარჩენების კომპოსტირება ან მრავალჯერადი სავაჭრო ჩანთებისა და წყლის ბოთლების გამოყენება. ვფიქრობ, სუფთა და ჯანსაღი გარემო, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.“ - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა