ნუნუ გიგაურმა პროფესიული საქმიანობა 52 წლის შემდეგ დატოვა

ღვაწლმოსილი აღმზრდელ-პედაგოგის გაცილება  სტეფანწმინდის საბავშვო ბაღიდან - ნუნუ გიგაურმა პროფესიული საქმიანობა 52 წლის შემდეგ დატოვა. 

სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ორგანიზებით, სტეფანწმინდის საჯარო ბაღში, დამსახურებული აღმზრდელ-პედაგოგის, ნუნუ გიგაურის გაცილების საღამო გაიმართა. ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად დაესწრო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კოლეგებმა ნუნუ გიგაურს, რომელმაც 77 წლის ასაკში თავად გადაწყვიტა განათლების სფეროდან წასვლა, თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს.

„ნუნუ მასწავლებელო, ასე მოგმართავთ დღემდე, რადგან თქვენ ხართ ჩვენი და ჩვენი შვილების აღმზრდელი, რომელმაც საყვარელ საქმეს ნახევარ საუკუნეზე მეტი შეალია. ბაღის მასწავლებლობა მრავალმხრივი პროფესიაა. ინდივიდუალურ/დელიკატურ მიდგომებსა და დიდ სიყვარულს მოითხოვს. ქალბატონმა ნუნუმ უსაზღვრო ენერგიით, მოთმინებითა და კრეატიულობით, სიახლეებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის სიხარულში გაატარა პედაგოგიური საქმიანობის მრავალი წელი, შექმნა უსაფრთხო და მზრუნველი გარემო ბავშვებისათვის; წვლილი შეიტანა არაერთი წარმატებული მოხევის აღზრდის საქმეში, რითაც ძალიან ამაყია დღეს. თქვენი აღზრდილები, გარდა წარმატებული პროფესიული საქმიანობისა, ძალიან კარგი და თავმდაბალი ადამიანები არიან, რაც ყველაზე მეტად დასაფასებელი და ძვირფასია. გული გვწყდება, თუმცა პატივს ვცემთ თქვენს გადაწყვეტილებას და გისურვებთ სიკეთესა და წარმატებას!“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.