სტეფანწმინდის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი მანქანა გადაეცა

სამედიცინო სერვისის სრულფასოვნად და ხარისხიანად მიწოდების მიზნით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა დაბა სტეფანწმინდის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადასცა. პროექტი საქართველოში იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა.

სასწრაფო დახმარების მანქანა თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა დაკომპლექტებული; გათვლილია მაღალმთიან რელიეფსა და მთის კლიმატურ პირობებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა, საჭიროების შემთხვევაში კი, - პაციენტის ტრანსპორტირება.

საკითხის თაობაზე შეხვედრას, სტეფანწმინდის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურში, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე , საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში - იშიძუკა ჰიდეკი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ესწრებოდნენ.