თიანეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული იზეიმეს

თიანეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2023“ იზეიმეს.

ღონისძიებას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. მათ შორის, - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, მთის სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული ჩაის დეგუსტაცია, კონცერტი ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით. დასახელდნენ თიანეთის საპატიო მოქალაქეები.

გაიმართა დოღი; ღია ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, მუნიციპალური ჩემპიონატი ფეხბურთში და ამხანაგური შეხვედრა რაგბიში; დამყარდა მსოფლიო რეკორდი ორ თითზე აზიდვაში.

დღის ბოლოს კი, ჯგუფ “ურსას” მუსიკალური საღამო გაიმართა, რომელიც გალა კონცერტით ჯგუფმა „რეგიონი“ დაასრულა.