საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოები ბარათაშვილისა და ტაბიძის ქუჩებზე დასრულების ეტაპზეა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, დაბა სტეფანწმინდაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

დასრულების ეტაპზეა საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოები ბარათაშვილისა და ტაბიძის ქუჩებზე. პროექტი გრუნტის საფარიანი გზის მოასფალტებას, ბორდიურებისა და ცხაურების მოწყობას ითვალისწინებს.

მიმდინარეობს ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაცია. კეთდება მნიშვნელოვანი მონაკვეთი - ცენტრიდან მუზეუმის ტერიტორიამდე. სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის საყრდენი კედლის მშენებლობას, სავალი ნაწილის მოასფალტებასა და ინტერნეტის სადენების/ ელექტრო გადამცემი ხაზების გზის საფარის ქვეშ მოთავსებას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია, გამწვანებული იყო ე.წ. კანადური ვერხვით, რომელიც ყვავილობისას, სახიფათოა ალერგიული ადამიანების ჯანმრთელობისათვის. ამიტომ, ვერხვები მოიჭრა და ჩანაცვლდება ნეკერჩხლის ხეივნით.