ბაკურ ავსაჯანიშვილი - უკეთესი ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნა კომპანიებისგან ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებს, მოქალაქეების მხრიდან კი - მოთმინებას მოითხოვს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე და შესრულებული სამუშაოები მოინახულა.

დასრულების ეტაპზეა ყანობის, არშასა და სნოს რიტუალების სახლების რეაბილიტაცია-მოწყობის სამუშაოები, რომლებიც მუნიციპალური ბიუჯეტით ხორციელდება. ამ ეტაპზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, სიონში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული გარბანთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები.
 

„ყაზბეგში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს, მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება დაბის ცენტრს.  პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადგილობრივმა იგრძნოს, როგორ იცვლება მისი მუნიციპალიტეტის ცხოვრება უკეთესობისკენ. უკეთესი ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნა კი, კონტრაქტორი კომპანიებისგან ვადების დაცვასა და ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებს, მოქალაქეების მხრიდან კი - მოთმინებას მოითხოვს, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა