სახალხო დღესასწაულისათვის "ყაზბეგობა 2023" სამზადისი დაიწყო
ᲡᲐᲮᲐᲚᲮᲝ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ „ᲧᲐᲖᲑᲔᲒᲝᲑᲐ 𝟐𝟎𝟐𝟑“ ᲡᲐᲛᲖᲐᲓᲘᲡᲘ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ.
საკითხთან დაკავშირებით, მერიაში გამართულ შეხვედრას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად დაესწრო.
გადაწყდა, რომ „ყაზბეგობა 2023“ ზაფხულის ბოლო კვირაში გაიმართება. უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ღონისძიების კონცეფციას, ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით მოამზადებს.
ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდება კონცერტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით. ასევე, მოეწყობა რეგიონის მახასიათებლებით შერჩეული ხელნაკეთი და გასტრონომიული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცეები. ტრადიციულად, გაიმართება დოღი და შეჯიბრი მკლავჭიდში. დაჯილდოვდებიან საპატიო მოხევეები.
„შეიცვლება ღონისძიების ტრადიციული ლოკაცია. ამჯერად, ყველა აქტივობა ერთ სივრცეში, სპორტულ მოედანზე მოეწყობა.
ჩვენ ვართ კარგი მასპინძლები, მაგრამ მინდა, უფრო კარგი დამფასებლები ვიყოთ ადგილობრივი მეწარმეების, სპორტსმენების, ახალგაზრდობისა და ხელოვანების. მეტი დრო, სივრცე და შესაძლებლობა მათ, ვინც ყაზბეგობის დღესასწაულზე მთის/მოხეურ კულტურას, კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინოსა და პოპულარულს გახდის.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.