ანსამბლმა "ფესვები, ყაზბეგში მასშტაბური სოლო კონცერტი გამართა

ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲐᲨᲘ ᲓᲐᲤᲣᲫᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲘᲡ ᲙᲔᲠᲐ, ᲐᲜᲡᲐᲛᲑᲚᲘ „ᲤᲔᲡᲕᲔᲑᲘ“ ᲛᲨᲝᲑᲚᲘᲣᲠ ᲙᲔᲠᲐᲡ ᲓᲠᲝᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲣᲑᲠᲣᲜᲓᲐ ᲓᲐ ᲧᲐᲖᲑᲔᲒᲨᲘ, ᲛᲐᲡᲨᲢᲐᲑᲣᲠᲘ ᲡᲝᲚᲝ ᲙᲝᲜᲪᲔᲠᲢᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲐ.

ნიუ-იორკში მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი მოხევე მაყურებლის წინაშე, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგა. კონცერტში, ასზე მეტი ემიგრანტი მოზარდი მონაწილეობდა.

ანსამბლის ხელმძღვანელის ვანო გოდერძიშვილის განცხადებით, ქართველ მაყურებელთან შესახვედრად, ემიგრაციაში ყოფნის თითქმის მთელი პერიოდი, 25 წელი ემზადებოდა, ამიტომ ტურნე სახელწოდებით „დაბრუნება“ განსაკუთრებულად ამაღელვებელია როგორც ანსამბლის თითოეული წევრისათვის, ასევე ქართველი მაყურებლისთვის.

ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„ „ფესვების“ სოლო კონცერტი ყაზბეგში, განსაკუთრებულ თარიღს დაემთხვა. 14 ივლისი - ვაჟა-ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძლიან, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სანატრელ სამშობლოში; ნოდარ დუმბაძის ისეთ საქართველოში, სადაც “დედის დაფიცება ხატზე დაფიცებას უდრის”. მადლობა იმ ზღვა ემოციებისთვის რომელიც გაგვიზიარეთ. გისურვებთ წარმატებულ ქართულ ტურნეს და ძალიან მალე დაბრუნებას ემიგრაციიდან.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა