ხატი "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო" ყაზბეგში ჩამოაბრძანეს
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში დავანებული ხატის ასლი -„ᲦᲕᲗᲘᲡᲛᲨᲝᲑᲚᲘᲡ ᲬᲘᲚᲮᲕᲔᲓᲠᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ“, მცხეთიდან ყაზბეგში ჩამოაბრძანეს.
ღვთისმშობლის ხატს გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძართან, მრევლი და სასულიერო პირები გალობით შეეგებნენ, ტაძარში დააბრძანეს და სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული 2018 წელს, 12 მაისს, ანდრია მოციქულის საქართველოში შემობრძანების დღეს დაწესდა. ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა ზეციური დედოფლის ხელთუქმნელი ხატით, გაცხადება იყო ჩვენი ქვეყნის ღვთისმშობლის წილხვდომილობისა.
16 ივლისს, ყაზბეგში, გერგეტობა - ღვთაებრივი სიყვარულის დღე აღინიშნა.
ტრადიციული დღესასწაული უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 1981 წლიდან აღინიშნება. სადღესასწაულო წირვა სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა აღავლინა. მსახურებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაესწრო.
სადღესასწაულო მსახურების შემდეგ, ხატი „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“, გერგეტიდან სტეფანწმინდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ფეხით მსვლელობით გადააბრძანეს. იკურთხა წინასწარ შერჩეული ადგილი ქვა-ჯვრის დასაბრძანებლად. ხატს საკათედრო ტაძრიდან 17 ივლისს, მეზობელ ეპარქიაში გადააბრძანებენ.
„ყველას გილოცავთ ღვთაებრივი სიყვარულის დღესასწაულს! ხატი - „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ხალხს. მისი მეოხებით მშვიდობა, სიხარული, წინსვლა და წარმატება ჰქონდეს ხევს და სრულიად საქართველოს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, მეტი სიყვარულით ვემსახუროთ სამშობლოსა და ერთმანეთს.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა