ბაკურ ავსაჯანიშვილი - ის, რაც მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, ახალი კომუნიკაციების შექმნას ეხება, ჯეროვნად და ხარისხიანად უნდა შესრულდეს
ბაკურ ავსაჯანიშვილმა, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ერთად, ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის ის მიმდინარე პროექტები მოინახულა, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა მშენებლებს, რომლებიც ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩისა და ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებენ.
ამ ეტაპზე სრულდება საკრებულოს შენობაში მიმდინარე სამუშაოები, რაც შიდა სივრცის აღდგენა-რეკონსტრუქციასა და ექსტერიერის მოპირკეთებას გულისხმობს, ხოლო ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მიწის სამუშაოები - მოშანდაკება და ვაკისის დატკეპნა მიმდინარეობს. პროექტი ასფალტობეტონის გზასა და საყრდენი კედლის მშენებლობას ითვალისწინებს; ასევე, მოეწყობა ლითონის ჯებირები; ელექტრო გადამცემი ხაზები/ინტერნეტის სადენები მოექცევა გზის საფარის ქვეშ. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, გაშენდება ნეკერჩხლის ხეივანი.
„ის, რაც მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, ახალი კომუნიკაციების შექმნას ეხება, - იქნება ეს ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ხიდები, გარე განათება, სანიაღვრე მეურნეობა თუ ტროტუარები, ჯეროვნად და ხარისხიანად უნდა შესრულდეს. გთხოვთ, შესაბამის სამსახურებთან გქონდეთ მუდმივი კომუნიკაცია, პროექტები ვადებით გათვალისწინებულ დროში უნდა დასრულდეს” - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.