ყაზბეგში მართვეს სოლო კონცერტი გაიმართა
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ "მართვეს" დაარსებიდან 45 წელი გავიდა.
სოლო კონცერტს, საიუბილეო ტურნეს ფარგლებში, ყაზბეგის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრმა უმასპინძლა.
ღონისძიების მუსიკალური ნაწილი ისტორიული სიმღერით „ცანგალა და გოგონა“ გაიხსნა, რომელიც ანსამბლმა 1978 წელს შეასრულა პირველად.
"მართვეს" სამხატვრო ხელმძღვანელმა მიხეილ ჯავახიშვილმა ქართული სიმღერისა და საკრავების კორიფეების, მართვეს სულის ჩამდგმელების - ანზორ ერქომაიშვილის, კოტე მშვიდობაძის, რამინ მიქაბერიძის, ნათელა ჯიღაურისა და ალდონა ერქომაიშვილის ღვაწლზე ისაუბრა, ადამიანებისა, რომლებმაც ანსამბლის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია შექმნეს. აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ და თეატრალურ მიმართულებებს, ა/წ სექტემბრიდან, ომარ კელაპტრიშვილის სახელობის საკრავიერი მუსიკის სკოლა დაემატება, რომელიც ხალხურთან ერთად, ნაკლებად ცნობილი ფოლკლორული ინსტრუმენტების შესწავლის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ღონისძიების მიწურულს ანზორ ერქომაიშვილის უკვდავი ჰიტი "გაზაფხულთან ერთად ვიტყვით სიმღერას" შესრულდა - ფილმიდან „შვიდი ნოველა სიყვარულზე“.
საიუბილეო კონცერტს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„როცა ქართული სიმღერის სათავე ახალგაზრდებს უპყრიათ, ეს სიმღერის უკვდავების ნიშანია, - ამბობდა ანზორ ერქომაიშვილი, რომლის წვლილი ფასდაუდებელია ქართული ტრადიციული სიმღერისა და კულტურის განვითარების საქმეში. "მართვემ" მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აზიარა ქართული სიმღერის მადლს. ეს არის დიდი სკოლა, ნიჭიერების სამჭედლო, რომელიც მოზარდების ესთეტიკურ, სულიერ, მენტალურ და კულტურულ აღზრდას უწყობს ხელს. მე მქონდა პატივი ბატონ ანზორთან პირადი ურთიერთობის. ის იყო სამაგალითო უფროსი მეგობარი და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი. მაქვს იმედი, რომ "მართვეს" აღსაზრდელები, ბატონ ანზორზე უფრო დიდი ქართველები, სამაგალითო ქრისტიანები და დიდი მუსიკოსები იქნებიან.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.
"მართვეს" საიუბილეო კონცერტი ყაზბეგში, ცედური "მრავალჟამიერით" დასრულდა.