ბაკურ ავსაჯანიშვილი - ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი იყოს პირველი, სადაც ყველა ტიპის კედელი/კლდე ექნებათ სპორტსმენებს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბარი შეეხო სპორტის განვითარების საჭიროებებს ადგილობრივ დონეზე და საქართველოს ჩემპიონატს მეკლდეურობაში, რომელიც ზაფხულის მიწურულს ყაზბეგში გაიმართება.
როგორც საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლადო გურჩიანმა განაცხადა, მეკლდეურობა მომავლის სპორტია და დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 25 მილიონი მიმდევარი ჰყავს. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვი და შედეგებიც უმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ცნობილ ღია ჩემპიონატზე „პეტზელის თასი“, რომელიც ბერნიში იმართება, წელს ათი ქართველი მეკლდეური მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის - ორი მოხევე.
„ჩვენს ბავშვებს აქვთ სხარტი აზროვნება, სისწრაფე, მოქნილობა და ფიზიკური ძალა, ყველაფერი, რაც მეკლდეურობის სპორტის განსავითარებლადაა საჭირო.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი იყოს პირველი, სადაც ყველა ტიპის - რთული, სწრაფი, ბოლდერინგი და ბუნებრივი სავარჯიშო კედელი/კლდე ექნებათ სპორტსმენებს. მათი ფიზიკური და მენტალური მომზადებისათვის შეიქმნება სხვადასხვა სირთულის მარშრუტი, მოეწყობა შეკრებები და ყაზბეგიდან დაიწყება დიდი სამზადისი 2026 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.