ბაკურ ავსაჯანიშვილი - ერთობლივი მუშაობით ბევრი კრეატიული ადამიანის მოზიდვას შევძლებთ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის „კრეატიული მთები“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პროექტი, ევროკავშირის დაფინანსებით, სლოვაკეთში, სომხეთსა და საქართველოში ხორციელდება და ნაკლებად პოპულარული მთიანი დასახლებების ტერიტორიების კრეატიულ წარმოჩენას ისახავს მიზნად. 

ყაზბეგის განვითარების ჯგუფის LAG წევრებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს, ბაკურ ავსაჯანიშვილს, პროექტის ამოცანები და საჭიროებები გააცნეს. 

საუბარი შეეხო უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საშუალებებს, საკომუნიკაციო კამპანიებს, ციფრულ ტექნოლოგიებს, მუსიკას, გასტრონომიას, ხელსაქმისა და სხვა მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. 

„მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელიც ადგილობრივი თემების გაძლიერებასა და ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო პროექტის ინიციირებისათვის. მე და ჩემი გუნდი, ააიპების თანამშრომლებთან ერთად, მზად ვართ, კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი სახის დახმარება გაგიწიოთ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით, ჩვენი უნიკალური ბუნებით, კულტურული, გასტრონომიული და მუსიკალური მემკვიდრეობით, ბევრი კრეატიული ადამიანის მოზიდვას შევძლებთ." - აღნიშნა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.