გაიცანით ია ქირიკაშვილი

გაიცანით - ია ქირიკაშვილი.

27 წლის ლოტბარი, ხელმძღვანელი ანსამბლისა “კალთა”, რომელიც ქართულ სიმღერასა და გალობას ემსახურება ხევში. "სიმღერა ჩემი ცხოვრებაა. იმის მიუხედავად, რომ ოჯახს მუსიკალური ტრადიციები არ გამოარჩევს, ბავშვობიდან ვმღერი.ის, რასაც კაცობრიობის უნივერსალურ ენას უწოდებენ და მოსწავლეებს ვუზიარებ ხევში, პროფესიულ დონეზე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში შევისწავლე.

ანსამბლის წევრებსა და მოსწავლეებთან განსაკუთრებულად მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. რეპერტუარსაც კი მათთან შეთანხმებით ვარჩევ. ძალიან ნიჭიერი, მუსიკალური თაობა მოდის. დღითიდღე იზრდება გემოვნებიანი მუსიკის მიმდევრობის ტენდენცია.

ვმუშაობთ ალბომზე, რომლის პრეზენტაცია ზაფხულის მიწურულს „კალთას“ სოლო კონცერტზე გაიმართება. ჩვენს ცენტრში საკმაოდ კონკურენტული გარემოა, რაც მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. ვოცნებობ, ჯერ ჩემი ქვეყანა მოვიარო სიმღერით, ყველა კუთხეს მოვეფერო მისივე უნიკალური პოლიფონიით და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოს ვესაუბრო ყველაზე კეთილშობილური მორალის მქონე მუსიკის ენით. განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ყველა მოსწავლეს ვუსურვებ, საკუთარი ცხოვრების წესით, გალობითა და სიმღერით, ადიდონ ღმერთი და ასახელონ ხევი, ჩვენი ქვეყანა.“ - ია ქირიკაშვილი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრი მადლობას უხდის ია ქირიკაშვილს და მომავალშიც დიდ წარმატებას უსურვებს.