სტიქიამ ჯუთაში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა

უამინდობის გამო, ყაზბეგში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სავალ ნაწილზე გაჩნდა ნაპრალები, ზოგიერთ ადგილას კი, გზის კიდე მოწყდა,
რის გამოც, მოძრაობა შეზღუდულია. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი, სტიქიის ადგილას, მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემის დროულად მოსაგვარებლად ყველა საჭირო ინფორმაცია შესაბამის უწყებებს გადასცეს. 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე დაზიანებული გზის აღსადგენად შესაბამისი ზომები უკვე მიიღო. 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ 12 - კმ 16 მონაკვეთზე, მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენის საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. 

მონაკვეთის სირთულიდან გამომდინარე, პროექტირების ფარგლებში, კომპლექსური შესწავლა ჩატარდა, საკონსულტაციო კომპანიამ შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე მიიღო. 

ამ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდგომ, სამუშაოების შესყიდვაზე მაისის თვეში გამოცხადდება ტენდერი.