გაიცანით - ლევან მარსაგიშვილი
27 წელი ქართული სპორტის სამსახურში - გაიცანით მწვრთნელი ლევან მარსაგიშვილი.
მის სამწვრთნელო კარიერას ისეთი ტიტულოვანი მოჭიდავეების აღზრდა უკავშირდება, როგორებიც დავით და გიორგი მარსაგიშვილები არიან.
გიორგი მარსაგიშვილი - საქართველოს ჩემპიონია, ასევე, ევროპისა და მსოფლიო პრიზიორი ახალგაზრდებს შორის, ხოლო დავით მარსაგიშვილი - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და ოლიმპიური პრიზიორია თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
„ჭიდაობა ქართული სპორტის ფუნდამენტია, სახალხო, რიტუალური სანახაობა და მთელი ჩემი ცხოვრებაა.
ახლა მოდის თაობა, რომელმაც რამდენიმე წელიწადში, თავისი სათქმელი უნდა თქვას ქართული სპორტის ისტორიაში. მინდა, თითოეულ მათგანს სათანადო საჭიდაო ინტელექტი და უმაღლესი სპორტული მწვერვალების დაპყრობა ვუსურვო. უკეთესი რომ გახდე, უნდა ისწავლო საუკეთესოსგან. ამიტომ, ვისურვებდი, სახელოვანი სპორტსმენები, რომლებიც არშასა და სტეფანწმინდის სპორტ-სკოლამ აღზარდა, დაუბრუნდნენ თავიანთ კუთხეს და ასწავლონ პატარებს, ეს დიდი მოტივაცია იქნება მათთვის.
ყველა ვერ გახდება პროფესიონალი სპორტსმენი, მოჭიდავე, თუმცა ჩვენ ყველაზე მთავარს ვემსახურებით, მაქსიმალურად დაკავდნენ ბავშვები სპორტით და მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.“ - ლევან მარსაგიშვილი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტის განვითარების ცენტრი მადლობას უხდის ლევან მარსაგიშვილს და უდიდეს წარმატებას უსურვებს მომავალშიც.