ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიან დედებს საჭიროებების შესაბამისი თანხები გადაეცემათ
ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესასწაულებთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა დედას, რომელსაც ხუთი და მეტი არასრულწლოვანი ჰყავს, მერია, საჭიროებების შესაბამის თანხებს გადასცემს. დახმარებას მიიღებს 90 წლისა და მეტი ასაკის მქონე ყველა ქალბატონი.
„ჩვენი გადაწყვეტილება პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, მრავალშვილიანი დედებისა და ხანდაზმულების მიმართ, მცირედი ყურადღების გამოვლენა იქნება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სოფელ ყანობში, სამი სამაგალითო ოჯახი გვყავს, რომელშიც ხუთზე მეტი არასრულწლოვანია. ჩვენი მომავალი, დღევანდელი დედების ხელშია, განსაკუთრებული მოფრთხილება და მადლიერება სჭირდებათ მათ. იმედი მაქვს, შემდეგ წელს, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მრავალშვილიან ოჯახთა რიცხვი როგორც ყაზბეგში, ასევე მთელ საქართველოში.
ძვირფასო დედებო, ბებიებო, ქალბატონებო, გილოცავთ გაზაფხულის პირველ დღესასწაულს, დედის დღეს! ყველა მადლობა და სიყვარული, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ თქვენ გეკუთვნით. გეხაროთ და გეამაყოთ თქვენი შვილებითა და მათი წარმატებებით!“ - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი