სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები, 27 იანვრის ჩათვლით გაიმართება
23-24 იანვარს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
პროგრამის საკოორდინაციო ჯგუფის წევრები, მერის სპეციალურ წარმომადგენლებთან ერთად, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გუდაურის, კობის, გორისციხისა და სიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თხუთმეტამდე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებს ესწრებოდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი, რომელმაც მოსახლეობისგან პირადად მოისმინა საპროექტო წინადადებები.
გუდაურში, კობში, ყანობში, ხურთისში, ფხელშეში, გორისციხეში, ტყარშეტში, ვარდისუბანში, სიონში, გარბანსა და თრუსოს ხეობაში, მოსახლეობამ, სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება, მინი სპორტული ინფრასტრუქტურის, ნაპირსამაგრი სამუშაოების, გარე განათების, სარეკრეაციო სივრცეებში სველი წერტილებისა და სკვერების შესაბამისი ინვენტარით მოწყობა ისურვა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. 25 იანვარს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საპროექტო წინადადებებს არშას, გაიბოტენის, თოთის, ფანშეტის, აჩხოტისა და სნოს შესახებ მოისმენენ.