ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 175 წელი გავიდა
„ხევის ბეთხოვენის“, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 175 წელი გავიდა
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილთან ერთად,
მწერლის საფლავი გვირგვინით შეამკო.
სასულიერო პირებმა პანაშვიდი აღავლინეს, ლიტერატურულმა და თეატრალურმა საზოგადოებამ კი, ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და აღნიშნეს, რამდენად ხანმოკლე, მაგრამ სრული იყო მისი სიცოცხლე, როგორ მცირე დროში შეძლო ფასადაუდებელი საგანძურის შექმნა.
სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლების ორგანიზებით, განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, ყაზბეგის ცხოვრების ამსახველი ფოტო მასალა გამოიფინა.
გაიმართა ღონისძიება, ადგილობრივი და მოწვეული პოეტების, მომღერლებისა და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით.
სამომავლოდ, უფრო მასშტაბური ღონისძიებები დაიგეგმა, რომლებიც ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებას, ხევის ისტორია-ეთნოგრაფიას, სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმსა და მწერლის სახლ-მუზეუმს, კიდევ უფრო მეტად პოპულარულს გახდის.