ს.ს „დარიალი ენერჯიმ“ ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრს, 50 000 ლარამდე ღირებულების სპორტული ინვენტარი გადასცა
ბაკურ ავსაჯანიშვილის შუამდგომლობით, ს.ს „დარიალი ენერჯიმ“ ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრს, 50 000 ლარამდე ღირებულების სპორტული ინვენტარი გადასცა.
ოლიმპიური სტანდარტის სავარჯიშო ხალიჩები, კომპანიამ, ცნობილ მწარმოებელს (DRB) დაუკვეთა და გერმანიაში შეიძინა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეებთან ერთად, სპორტის განვითარების ცენტრს ესტუმრა და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ვარჯიშებს დაესწრო.
მწვრთნელებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტის სპორტული ინვენტარი სრულფასოვანი ვარჯიშების ჩასატარებლად და არა მხოლოდ, - 2023 წლის მაისში, საქართველოს ჩემპიონატს, ჭაბუკთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.
გარდა ძალისმიერი სპორტსმენებისა, სავარჯიშო ხალიჩებს ტანმოვარჯიშეებიც გამოიყენებენ.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „დარიალი ენერჯის“ წარმომადგენლობას, რომელმაც ინიციატივის გაჟღერებისთანავე დაიწყო ზრუნვა სპორტული ინვენტარის შესაძენად.
ხშირად მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩვენი მომავალი თაობის სპორტული კარიერის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს, ამის დასტურია დღევანდელი დღეც. გილოცავთ, წარმატებისა და გამარჯვების გზით გევლოთ!“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა
თავის მხრივ, ცენტრის ხელმძღვანელმა, მწვრთნელებმა და სპორტსმენებმა მერს მუდმივად გვერდში დგომისა და სასარგებლო ინიციატივებისათვის მადლობა გადაუხადეს.