ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა.
ყაზბეგის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულებამ პირველი პაციენტები უკვე მიიღო.
ამ დრომდე, ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, თბილისში უწევდათ ჩასვლა. დღეიდან კი, სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.
დაწესებულებას 20 მდე პაციენტის მიღება შეუძლია. კლინიკა სათანადო სამედიცინო აპარატურით საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით აღიჭურვა.
ადგილზე სამედიცინო სერვისს მოწვეული ექიმები უზრუნველყოფენ, მიმდინარეობს ადგილობრივი მედიკოსების გადამზადება.
ახალი სამედიცინო დაწესებულება, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.