ყაზბეგში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყაზბეგში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
საბავშვო სივრცემ, ზღაპრის გმირებმა, თოვლის პაპამ და გასართობმა შოუ-პროგრამამ ჯადოსნური გარემო შექმნეს პატარებისთვის.
მოეწყო საშობაო ბაზრობა - ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი და გასტრონომიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
საკონცერტო პროგრამის პირველი ნაწილი, ყაზბეგის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებულ ანსამბლებს დაეთმო, გალა კონცერტზე კი - „რეგიონმა“ იმღერა.
გასართობი შოუ-პროგრამა, აღფრთოვანებული, მადლიერი მსმენელის მხურვალე აპლოდისმენტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებას, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და ახალი წელი მიულოცეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ქირიკაშვილმა.
„გილოცავთ ახალ წელს! ბედნიერი ვარ ჩვენი ერთობით და ვხარობ იმ სიხარულით, რომელიც ჩვენს პატარებს უხარიათ. მადლობა პრემიერ ღარიბაშვილს არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონები გააცოცხლა და გაახალისა. მადლობა ორგანიზატორებს. მოგილოცავთ დამდეგ შობას, მშვიდობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს!“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა