წლის შემაჯამებელი თათბირი ამხარეო ადმინისტრაციაში
ცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში, მიმდინარე წლის შემაჯამებელი თათბირი გაიმართა.
სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილეებთან - გიორგი ჩიფჩიურთან, გიორგი კაპანაძესთან და გოჩა ქავთარაძესთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა.
საუბრის მთავარი თემა 2022 წელს განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდებოდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს შესრულებული სამუშაოების ხარისხი, ვადები და არსებული საჭიროებები. ასევე, იმსჯელეს ბიუჯეტის, 2023 წლისთვის დაგეგმილი პროექტებისა და პრიორიტეტების შესახებ.
როგორც მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოების თავმჯდომარეებმა შეხვედრის ფარგლებში განაცხადეს, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარ ინტერესს წარმოადგენს, რისთვისაც მომავალ წელს მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება იგეგმება, მათ შორისაა წყალმომარაგების სისტემების, საგზაო, რეკრეაციული, საგანმანათლებლო და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.
თავის მხრივ, დავით ნოზაძემ სხდომის მონაწილეებს განხორციელებული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, არსებული საჭიროებებისა და მოსახლეობის ინტერესების მიხედვით, დროულად და ხარისხიანად უნდა შესრულდეს.
"გუნდური მუშაობით წელს ოთხივე მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულდა. გამოწვევები, რა თქმა უნდა, რჩება. ამიტომაც, კიდევ უფრო მეტად კოორდინირებული და ინტენსიური მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა პროექტების კვლავ წარმატებით განხორციელება შევძლოთ," - განაცხადა დავით ნოზაძემ.