დავით ნოზაძე - არ აქვს მნიშვნელობა პოზიციას, თანამშრომელი, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, დასაფასებელია
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2022 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა.
დავით ნოზაძემ, მიმდინარე წელს, რეგიონში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების, სოციალური პროგრამების, არსებული საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„მსურს, თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. არ აქვს მნიშვნელობა პოზიციას. ჩვენი თანამშრომელი, ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, ემსახურება ხალხსა და სამშობლოს, დასაფასებელია. გუნდური მუშაობით, წელს, არაერთი პროექტი შესრულდა წარმატებით. მათ შორის, სოციალური პროგრამები; წყალმომარაგების სისტემების, საგზაო, რეკრეაციული, საგანმანათლებლო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ისეთ ადგილებშიც, სადაც მსგავსი რამ აქამდე არ ჩატარებულა. ეს კი, ორმაგად სასიხარულოა. რა თქმა უნდა, საჭიროებები კვლავ არსებობს. ამიტომაც, მათ მოსაგვარებლად, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებითა და მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობა ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს.
წლევანდელი წელი ჩვენი რეგიონისათვის ნაყოფიერი იყო, რაც ერთობლივი მუშაობის შედეგია. იმედი მაქვს, რომ 2023 წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, მშვიდობასა და ქვეყნის საკეთილდღეოდ საქმიანობას “- განაცხადა დავით ნოზაძემ.