ბაკურ ავსაჯანიშვილი - პირველად, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ყაზბეგში ჩაატარებს

ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. 

სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სპორტის სახეობის მწვრთნელებთან ერთად, იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბრეს, რომლებიც 2022 წლის გაზაფხულიდან აქვთ. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტს სპორტის სახეობებში - თავისუფალი სტილით ჭიდაობა, მეკლდეურობა და ბრძოლა წესების გარეშე, - ახალგაზრდულ ტურნირებზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები ჰყავს. 

2022 წელს მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა რაგბის კლუბმა „ყაზბეგი“, რომელმაც დიდ ათში წარმატებით იასპარეზა. 

სასკოლო ჩემპიონატები გაიმართა მოსწავლეებს შორის ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და მინი ფეხბურთში. 

ერთიორად გაიზარდა სპორტით დაინტერესებული მოზარდებისა და სპორტის სახეობების რაოდენობა. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მოხევე სპორტსმენებით არაერთხელ დაინტერესდნენ სხვადასხვა ქართული თუ უცხოური გუნდები. 

„არაერთხელ აღმინიშნავს, განსაკუთრებულად დავუჭერ ყველა ინიციატივას მხარს, რომელიც ხევის მომავალი თაობის ჯანსაღ და სპორტულ გარემოში აღზრდას შეუწყობს ხელს. ახალი წლიდან მოხევე ფალავანები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ საჭიდაო ლეიბზე ივარჯიშებენ. სპორტის სახეობებს დაემატება კრივი და ტანვარჯიში.

თქვენი მოთხოვნის შესაბამისად მოხდება მეკლდეურებისა და ფეხბურთელების ეკიპირება. ჩვენი ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ პირველად, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ყაზბეგში ჩაატარებს. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს.“ - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.