ბაკურ ავსაჯანიშვილი - პროექტები ერთობლივად და დროულად უნდა განხორციელდეს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საუბრის მთავარი თემა ხურთისსა და აჩხოტში საკანალიზაციო სისტემის მოწყობასა და შიდა საუბნო გზების მოპირკეთების სამუშაოებს შეეხო.
კომპანიების: “შარაგზამშენი I”-ისა და „ვი აი პი“-ს წარმომადგენლებმა, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების პროცენტული მაჩვენებელი და ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე, პროექტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ანგარიში წარადგინეს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა კომპანიების წარმომადგენლებს პროექტების მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით, ხარისხის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ სთხოვა.
“მერიის მხრიდან გაქვთ მოთხოვნა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ყველაზე მთავარი - ხარისხი და დრო გაითვალისწინოთ. გთხოვთ, შესაბამის სამსახურებთან გქონდეთ მაქსიმალური კოორდინაცია. პროექტები ერთობლივად და დროულად უნდა განხორციელდეს.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.
თავის მხრივ, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა აქტიური თანამშრომლობისათვის მზაობა გამოხატეს და პროექტების ხარისხიანად შესრულების პირობა დადეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერის პირველი მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.