ბაკურ ავსაჯანიშვილი - განსაკუთრებულად დავუჭერ მხარს ყველა ინიციატივას, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის სრულფასოვან, ჯანსაღ გარემოში აღზრდას უწყობს ხელს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, ადგილობრივი არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელებს შეხვდა.
განათლებისა და კულტურის, სპორტის განვითარების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა და თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრის ხელმძღვანელებმა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის შესახებ მოხსენება და 2023 წლის საბიუჯეტო წინადადებები, პროექტები და სტრატეგია წარადგინეს.
მერმა, ა(ა)იპების ხელმძღვანელებს, საბიუჯეტო პოლიტიკის დაგეგმვისას, განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, საჯარო მოხელეების ხელფასების, ყოველწლიურ 10%-იან ზრდას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ მერის გადაწყვეტილებით გაზრდილი ხელფასით, უკვე სარგებლობენ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის თანამშრომლები.
„გასული წლების ანალიზის შედეგების საფუძველზე, გთხოვთ, მაქსიმალურად სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები. უმცირესი ხარჯიც კი, არგუმენტირებული და დასაბუთებული უნდა იყოს. პროექტი ბევრია, მიმართულებებიც შესაბამისად. განსაკუთრებულად დავუჭერ მხარს ყველა ინიციატივას, არ დავზოგავთ მატერიალურ თუ სხვა სახის რესურსს, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის სრულფასოვან, ჯანსაღ გარემოში აღზრდას უწყობს ხელს.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა