ბაკურ ავსაჯანიშვილი - ვალდებულნი ვართ, მუდმივ კოორდინაციაში ვიყოთ ხალხთან და მინიმუმამდე დავიყვანოთ დემონტაჟის ფაქტები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილეებთან ერთად, სამსახურების ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციულ ღონისძიებებსა და მათ დროულ აღკვეთას შეეხო.
მერმა ზედამხედველობის სამსახურს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობისა და რეაბილიტაციის მიმდინარეობისას დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების დროული გამოვლენისა და კოორდინირებული მუშაობისაკენ მოუწოდა.
„მადლობას ვუხდი მერის სპეციალურ წარმომადგენლებს, რომლებიც სწორად და ეფექტიანად წარმართავენ კომუნიკაციას მერიასა და მოსახლეობას შორის. თქვენი დამსახურებით, დროულად ხდება ინფორმაციის გაცვლა და აღრიცხვა, რაც მერიის საქმიანობის საჯაროობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას განაპირობებს.
რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურს, გთხოვთ და მოგიწოდებთ, მოსახლეობასთან გქონდეთ მეტად აქტიური კომუნიკაცია. ხშირ შემთხვევაში მათ შესაძლოა არ იცოდნენ, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებას პირობის დამტკიცება, არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება და ნებართვა სჭირდება. ამიტომ, ვალდებულნი ვართ, მუდმივ კოორდინაციაში ვიყოთ ხალხთან და მინიმუმამდე დავიყვანოთ დემონტაჟის ფაქტები.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.