ბაკურ ავსაჯანიშვილი - სამართლიანად დაჯარიმდება ყველა, ვინც დროულად და ხარისხიანად ვერ ასრულებს სამუშაოებს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილეებთან ერთად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა ვადაგადაცილებას, ხარვეზებს, მათი აღმოფხვრის პრევენციულ ღონისძიებებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებს შეეხო.
„არსებობს პირობა და სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი, რომელსაც დაცვა სჭირდება! გაუთვალისწინებელი შემთხვევა ბევრია, თუმცა, სათანადო კომპეტენციის პირობებში, არც მათი დროული აღმოფხვრაა პრობლემა.
ყველაზე ძვირფასი არის დრო, მით უმეტეს, ყაზბეგის პირობებში, სადაც ყველაფერი სეზონურია. არ დავუშვებ პროექტები ვადაგადაცილებულ დროში ჩავიბარო და ვერც ხარვეზებზე დავხუჭავ თვალს, რომლებიც დაჩქარებული წესით შესრულებულ სამუშაოებს ახლავს თან.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული პირის ინტერესებს ვერ გავითვალისწინებ, სამართლიანად დაჯარიმდება ყველა, ვინც დროულად და ხარისხიანად ვერ ასრულებს სამუშაოებს.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ხურთისში, გარბანში, არშაში, აჩხოტში, გერგეტსა და სტეფანწმინდაში, შიდა საუბნო გზების, ქუჩებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებს კომპანიები: „შარაგზამშენი“, „ჯიარჯი“ „ვი აი პი“ და „ოკორთა“ - ახორციელებენ.