ტარიელ ხულელიძე საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყების წინა მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძე საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყების წინა მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
ათამდე ბაღის, მერიის სოციალური სამსახურისა და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელებმა ბაგა-ბაღების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და სასკოლო მზაობის პროგრამის ამოქმედებაზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კვებისა თუ თამაშისმიერი სწავლების მეთოდიკას, ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოებისა და სისუფთავის ნორმებს, გასართობ კუნსტრუქციებსა და სასრიალოებს ეზოებში.
„სასწავლო პროცესის განახლებისათვის ადეკვატური მზაობა გვჭირდება. მნიშვნელოვანია, რამდენად უსაფრთხო და მათზე მორგებულ გარემოს ვახვედრებთ პატარებს. ცენტრალური გათბობის სისტემა, სველი წერტილები, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა საკვები, სწავლების, ძილისა და თამაშის მეთოდიკა, ექთნის, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მომსახურება, მზრუნველი, მოსიყვარულე პედაგოგები და ოჯახური გარემო, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისათვის.“ - განაცხადა ტარილ ხულელიძემ
მერის მოადგილემ, აღმზრდელებს წარმატება უსურვა და სასარგებლო ინიციატივების განხორციელების საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა.
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.