ბაკურ ავსაჯანიშვილი მოსახლეობას ილიაობას, პატრიარქს კი - ანგელოზის დღეს ულოცავს
გილოცავთ წმინდა ელია თეზბიტელისა და ილია მართლის ხსენების დღეს!
განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით, ანგელოზის დღეს ჩვენს უწმინდეს პატრიარქ ილია II-ს ვულოცავ, რომელიც ქართული იდენტობისა და ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საქმეში, ილია ჭავჭავაძის ღვაწლის ღირსეული გამგრძელებელია.
დღეს, მთელი საქართველო, განსაკუთრებით კი მოხევეები, კიდევ ერთხელ, მადლიერებით ვიხსენებთ პატრიარქის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე და იმ ეპოქალურ მოვლენებს, რომლებიც მის სახელს უკავშირდება.
მისი უწმიდესობის ბრძნული ხელმძღვანელობით, 1990 წელს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, საქართველოს ეკლესიას, უძველესი ავტოკეფალიისა და საპატრიარქო პატივის აღიარების სიგელები გადასცა. აღდგა მდიდარი ტრადიცია, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ჰარმონიული თანაარსებობისა.
გადამდებია პატრიარქის მტკიცე რწმენა, განუზომელი სიყვარული, სიბრძნე, სიმშვიდე და გასაოცარი მიმტევებლობა, რომელიც ნებისმიერი აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანს იზიდავს.
მრავალჟამიერ ჩვენი პატრიარქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა!
ბაკურ ავსაჯანიშვილი