ბაკურ ავსაჯანიშვილი - ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინ გახდა გამარჯვებული, რადგან მთავარი - ერთმანეთის შეყვარებისა და დამეგობრების მისია, ერთად შეასრულეთ და ამ საქმეში ყველა გამარჯვებული ხართ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა მეკლდეურობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

ჩემპიონის ტიტული, ვაჟებს შორის ბოლდერინგში - ბერდია მერლანმა, გოგონებში კი სალომე სანაძემ მოიპოვა.

ვაჟთა შორის, წყვილთა გარბენში ბუნებრივ კლდეზე სოსო გაბულდანი გახდა გამარჯვებული, გოგონებში კი - ნიცა თვაური.

ადგილობრივმა მანანა ჯამარჯაშვილმა, ბუნებრივ კლდეზე წყვილთა გარბენში, მესამე ადგილი დაიკავა და ყაზბეგი ასახელა.

ჩემპიონატის მონაწილეებსა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები, წამახალისებელი პრიზები, სიგელები და მედლები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

„დიდი პატივია, უმასპინძლო ქართული სპორტის რაინდს, ლეგენდარულ ლადო გურჩიანსა და მეკლდეურთა ეროვნულ ფედერაციას. შეუფასებელია თქვენი ღვაწლი ქართული სპორტის ხელშეწყობისა და აღორძინების საქმეში. გველეთის ბანაკი სავსეა ბავშვებითა და სპორტსმენი ახალგაზრდებით მთელი საქართველოდან. ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინ გახდა გამარჯვებული, რადგან მთავარი - ერთმანეთის შეყვარებისა და დამეგობრების მისია, ერთად შეასრულეთ და ამ საქმეში ყველა გამარჯვებული ხართ. ერთიორად ამაყი ვარ მანანა ჯამარჯაშვილის ასპარეზობით, ის ჯერ მხოლოდ 14 წლის არის და უკვე შეძლო ღირსეული მეტოქეობა გაეწია მრავალგზის ჩემპიონი, გამოცდილი მეკლდეურებისთვის. მიგულეთ მეგობრად! ცენტრალური ხელისუფლების დახმარებითა და ფედერაციის ორგანიზებით, მალე ყაზბეგს საერთაშორისო სტანდარტის ცოცვის სავარჯიშო კედელი ექნება, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტად და სწორად განივითარონ სპორტული უნარები.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

თავის მხრივ, მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლობამ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს, მერიის თანამშრომლებსა და სპორტის განვითარების ცენტრს, ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებისა და ღირსეული მასპინძლობისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.