ბაკურ ავსაჯანიშვილი - გთხოვთ, დაზიანებული გზის სავალ ნაწილზე დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც საგზაო დეპარტამენტმა დააწესა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჯუთას მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის დროს საუბრის მთავარი თემა 27 ივნისს ჯუთაში განვითარებულ ღვარცოფულ პროცესებს შეეხებოდა, რის შედეგადაც, მნიშვნელოვნად დაზიანდა სამანქანე გზის ნაწილი და მაღალი ძაბვის ქსელის გადამცემი ბოძი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12/კმ16 მონაკვეთზე, ბზარების, ქვისცვენისა და სავალი ნაწილის კიდევ უფრო მეტად დაზიანების საშიშროების გამო, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, ავტოტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივებმა მერთან, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.
თავის მხრივ კი, ბაკურ ავსაჯანიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექსპერტთა შეფასების საფუძველზე, სპეციალური ტექნიკა, სავალ ნაწილს გაწმენდს, გააფართოებს და რამდენიმე დღეში, მოძრაობა განახლდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. მანამდე კი გთხოვთ, დაზიანებული გზის სავალ ნაწილზე დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც საგზაო დეპარტამენტმა დააწესა.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა