ბაკურ ავსაჯანიშვილი - დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება სამაგალითო, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დამყარებული ორმხრივი თანამშრომლობა
არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ.
რეორგანიზაციის შედეგად, ყაზბეგის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრი ორი მიმართულებით გაიყო. განათლებისა და კულტურის ცენტრს ანა ხუციშვილი, სპორტს კი - გიორგი ჩქარეული უხელმძღვანელებს. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის დირექტორად ციცია ქაწაშვილი დაინიშნა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერსა და ახალ ხელმძღვანელებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც, ასევე, მერის მოადგილე, ტარიელ ხულელიძე ესწრებოდა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა-კოორდინაციას, ტურისტული და საკურორტო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ამ მიმართულებით, სხვადასხვა პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას. განისაზღვრა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში პერსპექტივების განვითარების ძირითადი მიმართულებები.
“პირველ რიგში, თითოეულ თქვენგანს მოგილოცავთ ახალ თანამდებობას და გისურვებთ წარმატებას მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება სამაგალითო, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დამყარებული ორმხრივი თანამშრომლობა. დაუღალავი შრომის, სამართლიანობისა და კეთილგონიერების პირობებში, შევქმნით ყველაფერ იმას, რაც ჩვენი მომავალი თაობის სრულფასოვანი აღზრდისა და განვითარებისთვისაა საჭირო“. - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.