ყაზბეგის რაიონს რეანიმობილი გადაეცა
ყაზბეგის რაიონის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს რეანიმობილი გადაეცა.
რეფერალური პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, ყაზბეგის რაიონს, ახალი რეანიმობილი გადასცა.
ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისი თავდაუზოგავი შრომითა და ჩართულობით, დღეს, ყაზბეგის რაიონს, რეანიმობილი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტში, პირველად ხდება რეანიმობილის განთავსება და არ ვზეიმობთ ძველის ახლით ჩანაცვლებას. ყაზბეგში, ოთხივე სეზონის საკურორტო ზონაში, ტურისტების ნაკადი მუდმივად მაღალია და შემთხვევებიდან გამომდინარე, რეანიმობილის არ არსებობა, კრიტიკული პაციენტების მართვაში, საკმაოდ დიდ სირთულეს ქმნიდა. დღეიდან კი, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ყველა აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სპეც-მანქანით მოემსახურება.“ - განაცხადა ყაზბეგის მუნინციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა
ღონისძიებას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურში არსებული სერვისების გაფართოება და რეგიონის მოსახლეობისათვის სრულფასოვანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.