სოფელ ჯუთას მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, სოფელ ჯუთას მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, წყალმომარაგება/წყალარინებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის პროექტები განიხილეს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, წინადადებებსა და მოსახლეობის შეჯერებულ აზრს მერი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას წარუდგენს.
ასევე, საუბარი შეეხო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებსაც. მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარი ჯუთაში მუდმივად ქმნის გადაადგილების პრობლემას. ამიტომ, მოსახლეობამ მერს ჯუთის სავალი გზის სატრანსპორტო და საექსპლუატაციო მდგომარეობის განსაზღვრა, შეფასება და გარკვეული მონაკვეთების კეთილმოწყობა სთხოვა. თავის მხრივ, ბაკურ ავსაჯანიშვილი მათ კომპენტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი ის პირებიც მოინახულეს, რომლებიც საზოგადოებრივ სამუშაოებზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ დასაქმების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, სოფელ ჯუთადან დასაქმდნენ.
„სნო-ახალციხე-ჯუთის გზის მონაკვეთი შიდა სახელმწიფოებრივი გზაა, რომლის მოვლა-პატრონობა, ჩვენთან ერთად, საგზაო დეპარტამენტს ევალება. აქ ნებისმიერი სამუშაოს დაწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს ნებართვით ხორციელდება. მაქსიმალურად ვეცდები, ყველა პრობლემა ადგილობრივ დონეზე შევისწავლო და მათი დაუყოვნებლივ მოგვარების საქმეში, შესაბამისი სამსახურები ჩავრთო.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა