გიორგი ჩიფჩიური და გოჩა ქავთარაძე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებსა და დაბა სიონში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მცირე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აღნიშნული შენობების სახურავებს, რომელთა დაზიანება ზამთრის პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. პროექტის დასრულების შემდეგ, საბავშვო ბაღები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - გიორგი ჩიფჩიური და გოჩა ქავთარაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად გაეცნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ასევე, შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 90 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 412-ის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და განათლების მიღებისათვის საჭირო ყველა პირობა.