ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, „დედამიწის დღის“ კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის აქტივობას ახორციელებს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, „დედამიწის დღის“ კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის აქტივობას ახორციელებს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძემ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან, საინფორმაციო სახის შეხვედრები გამართა. საუბარი შეეხებოდა მწვანე ეკონომიკას, კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას, ხარისხიან საწვავსა და კიდევ არაერთ ისეთ მიმართულებას, რომელიც გარემოს დაბინძურებისგან დაცვის საკითხებში სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომლებმა, კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად, რამდენიმე ლოკაცია თავად დაასუფთავეს.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი პირდაპირი კავშირი ბუნებასთან, მცენარეებთან, მიწასთან, იმ ყველაფერთან, რაც ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სულიერ მხნეობას გვანიჭებს. დედამიწის დღის კვირეული კიდევ ერთხელ შეგვახსენებს დედამიწის, როგორც ჩვენი საერთო სახლის, მნიშვნელობას. მისი დაცვა და მოფრთხილება თითოეული ჩვენგანის ვალია.“ - განაცხადა ტარიელ ხულელიძემ.
ცნობისათვის, დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველოში დედამიწის დღის აღნიშვნა 1990 წლიდან დაიწყო.