ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დარიალის სამონასტრო კომპლექსს სტუმრობდნენ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილეებთან ერთად, დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა სამონასტრო კომპლექსს სტუმრობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველის საწარმო, უნიკალური მარანი, სატრაპეზო და ბიბლიოთეკა მოინახულეს. მამათა მონასტერი „დარიალას“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ, ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის - ყველს, ჭაჭას, ღვინოს, მურაბას, ხილისა და კენკრის ჯემებს.

„ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, დარიალის სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობა შეუფასებელია. ეს არის დიდი სულიერებისა და მშვიდობის კერა. დარიალის მონასტერი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ავტოპორტრეტია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ იოსებს, საძმოსთან ერთად, დაუღალავი შრომის, სულიერი და ფიზიკური ღვაწლისთვის. ქართული წარმოების აღორძინების საქმეში მათი მეურნეობა მისაბაძი და სამაგალითოა.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა