ბაკურ ავსაჯანიშვილმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მერიებსა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი გულისხმობს მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევის შემზღუდავი, ასევე, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სტიქიურ მოვლენებთან საადაპტაციო და მდგრადი ენერგეტიკის ხელშემწყობი საქმიანობის მონიტორინგში მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მხარდაჭერით, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამისა (UN Environment) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ახორციელებს პროექტს "ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო საქართველოში პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად". პროექტის მიზნების მისაღწევად მხარეთა თანამშრომლობა გულისხმობს, მერიის თანამშრომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას - კითხვებზე პასუხების გაცემას მუნიციპალიტეტის საზღვრებში: სათბურის აირების გაფრქვევების საბაზისო დონის შესამოწმებლად; კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკებისა და მოწყვლადობის ღონისძიებების შერჩევისას. ასევე, ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების განვითარებას: მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისთვის; უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოებში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრის მონაწილე მხარეებმა საუბრისას ყურადღება გაამახვილეს კოორდინირებული ქმედებების შედეგებზე. როგორც მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, ურთიერთშეთანხმებული აქტივობები ღონისძიებების დაგეგმვისა და ეფექტურად განხორციელების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ასევე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი. ცნობისათვის, კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ხელი გასულ წელს მოეწერა.