სტეფანწმინდისა და გერგეტის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა.

 შეხვედრას ყაზბეგის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე - გრიგოლ სეთურიძესთან, მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილთან, საკრებულოს წევრებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, დოკუმენტაციის ავტორებთან და იმ კომპანიებისა და სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა, რომელნიც ჩართულნი არიან განაშენიანების გეგმის შემუშავების პროცესში.

 განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი ”გეოგრაფიკი”-ს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გაწეული სამუშაოს შედეგები დეტალურად გააცნეს.

 ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზანია : განისაზღვროს დასახლებული ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების ძირითადი პარამეტრები, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიული პირობები, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცითი ასპექტები და განსახლების ტერიტორიული საკითხები.

 შეხვედრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად ჩაერთოს დოკუმენტის დეტალურად განხილვაში, რათა ყველა საკვანძო საკითხი შეჯერდეს მოსახლეობასთან.

 როგორც მოგეხსენებათ შეხვედრის თარიღი, რომელიც უნდა გამართულიყო მიმდინარე წლის აპრილში, სწორედ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე შეიცვალა, რათა მათ ჰქონოდათ დამატებითი დრო დოკუმენტის სიღრმისეულად გასაცნობად.

 დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის განაშენიანების გეგმის დოკუმენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG)“ დაკვეთით, გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი" ამუშავებს.