ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, ცხრა აპრილის ტრაგედიის გმირების სახელების უკვდავსაყოფად, ახალი მემორიალური დაფა გაიხსნება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, ცხრა აპრილის ტრაგედიის გმირების სახელების უკვდავსაყოფად, ახალი მემორიალური დაფა გაიხსნება. დარიალის ხეობაში, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხრა აპრილის ტრაგედიაში მონაწილე გმირების სახელების უკვდავსაყოფად, ახალი მემორიალური დაფა გაიხსნება. ამის შესახებ, მერიაში იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე - ტარიელ ხულელიძე, საფინანსო სამსახურის უფროსი - ვასილ კურკუმული და სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის უფროსი - ჯემალ სუჯაშვილი.
„მერის რანგში, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, პირველად მომიწია ცხრა აპრილთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა. პატივი მივაგეთ ტრაგედიაში დაღუპულ გმირებს და მოვინახულეთ თავისუფლების მოედნიდან წამოღებული ქვა, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის სიმბოლოა ხევში. იქვე გაჩნდა იდეა, რომ დარიალის ხეობაში, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი მემორიალური დაფა აღიმართოს. მემორიალი, რომელიც სამუდამოდ შემოინახავს ოცდაერთი გარდაცვლილი გმირის სახელებსა და გვარებს. ისტორიამ დაადასტურა 9 აპრილის მნიშვნელობა და ჩვენ მოვალენი ვართ, ყოველთვის გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლის ფასად შექმნეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.